არასამთავრობო ორგანიზაცია "გადასხვაფერდი" შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ჩემი თემის ხმა", რომელიც გულისხმობს შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახლგაზრდების ლიდერული უნარ-ჩვევებით აღჭურვასა და მდგრადი ახალგაზრდული პლატფორმის შექმნას ადგილობრივ დონეზე.
„ჩემი თემის ხმა“ მოიცავს რამდენიმე ეტაპს და გრძელდება ექვსი თვის განმავლობაში. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ადგილობრივ თვითმმართველობაში სტაჟირება, რომელსაც შერჩეული მონაწილეები შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში გაივლიან.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე პროექტის სტაჟირების ეტაპის დაწყება ვერ განხორციელდა. ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ონლაინ რეჟიმში ესაუბრეს ახალგაზრდებს მერიისა და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკაზე, გააცნეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება.
პროექტი დაფინანსებულია სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოს” მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისთვის ძირითადი საკვანძო კომპეტენციების გადაცემას.