შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, დედის დღე ღვაწლმოსილ და მრავალშვილიან დედებს მიულოცა და ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა.
ნაზიკო ნაკაშიძე წყაროთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი კატეგორიის, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პედაგოგია, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის განმავლობაში მრავალი თაობა აღზარდა.
მრავალშვილიანი დედა ცირა სოლომონიძე შუახევის საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსი კატეგორიის მასწავლებელია, რომელიც აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო და საგრანტო პროგრამებში.
ომარ ტაკიძემ დედის დღე ასევე მიულოცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების იაგო მიქელაძისა და ამირან მამალაძის დედებს - ეთერ და მარინა მიქელაძეებს, რომლებმაც სამშობლოს თავდადებული მამულიშვილები აღუზარდეს.
მერთან ერთად ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.