შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე სამუშაო პროცესში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.
ომარ ტაკიძემ ყურადღება გაამახვილა თითოეული სამსახურის პასუხისმგებლობაზე და აღნიშნა, რომ დაკისრებული მოვალეობები მაქსიმალური სიზუსტითა და ეფექტიანობით უნდა შესრულდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება და დროული რეაგირება იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამუშაო პროცესში შეიძლება წარმოიშვას.
თათბირზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის 11-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების ხედვას განსაზღვრავს და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი პროექტების წარმატებულ განხორციელებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.