შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული კონგრესის გახსნის ღონისძიებაში.
კონგრესს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელიც ღონისძიების დაწყებამდე ახალგაზრდებს გაესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათზე პასუხები.
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ახალგაზრდებში პიროვნული განვითარების, მოტივაციის ამაღლებისა და დროის ეფექტიანი მართვის საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა ფსიქოლოგი და პიროვნული განვითარების ტრენერი ნათია გოცაძე.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, აჭარის მთავრობისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში მართავს არაერთ მსგავსი ფორმატის შეხვედრას, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე.
ახალგაზრდულ კონგრესში მონაწილეობდა აჭარის რეგიონში რეგისტრირებული 14-დან 29 წლის ჩათვლით 300-მდე ახალგაზრდა.
