ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს. ასევე გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.
ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ახალგაზრდებისთვის, რათა კონკურენტულ გარემოში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ სპორტული გამოცდილება.
