შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე მონაწილეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის - „თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები მაღალმთიან რეგიონებში, მათი დაძლევის გზები (აჭარის ა.რ. მაგალითზე)" -შედეგების განხილვის ვორქშოფში. პროექტს ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე.
შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო-კვლევით პროექტში ჩართული გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა და მოწვეული სტუმრების მოსაზრებების გაზიარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე და რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე. ვორქშოფში ასევე მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის, აჭარის მთავრობის, მუნიციპალიტეტების, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ბიზნესსექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართულნი იყვნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
კვლევა მიმართული იყო მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის შესწავლაზე, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაზე.