შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში შუახევის დელეგატ ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, ტომაშეთში ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროცესს გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ფანჩატურის რეაბილიტაცია, ამფითეატრისა და საკოცონე ზონის მოწყობა, ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა, გარე განათების სისტემის მონტაჟი, დეკორატიული ფილების დაგება, ასევე საბაღე სკამებისა და საქანელების განთავსება.
განახლებული სკვერი სოფელ ტომაშეთში მოსახლეობისთვის დასვენებისა და საზოგადოებრივი აქტივობებისთვის განკუთვნილი თანამედროვე და კეთილმოწყობილი სივრცე იქნება.
სოფელ ტომაშეთში ასევე იმყოფებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე და მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები.
