კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა" საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები დახვდათ. მოეწყო საბავშვო და სპორტული სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტები, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.
ტრადიციულად, შუამთობის დღესასწაულზე გაიმართა ნიშნობის ცერემონიალიც, სადაც ახლადდანიშნულ წყვილს გადაეცათ საჩუქრები. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები და საპატიო ბეშუმელები.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები - დოღი, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„შუამთობა" უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს.