ჩირუხში სახალხო დღესასწაული „შუამთობა" აღინიშნა.
დღესასწაული ადგილობრივებსა და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება.
სახალხო დღესასწაული ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერცხალმა" ცეკვა „განდაგანას" შესრულებით გახსნა. ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მოწვეული ბენდები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩირუხის მთაზე ზიპლაინის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, რომელიც ხელს უწყობს ჩირუხის მთის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენას და ვიზიტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
შუამთობის ფარგლებში მოეწყო საბავშვო და სპორტული აქტივობები, კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.
საკონცერტო ნაწილის პარალელურად გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და ბაგირის გადაწევაში. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
შუამთობას ჩირუხში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

