შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან ერთად ოქროპილაურში ახალი ტურისტული საფეხმავლო მარშრუტი დაათვალიერა.
4.23 კმ სიგრძის საფეხმავლო მარშრუტი რიკიხიდიდან იწყება და ოქროპილაურში სრულდება. მარშრუტი ზღვის დონიდან 425-572 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ისტორიული საირიგაციო არხის გასწვრივ მიუყვება, რაც მას განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ბილიკის გასწვრივ მოწყობილია ფანჩატური ვიზიტორებისთვის.
ახალი ტურისტული მარშრუტი მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის და ვიზიტორებს მაღალმთიანი აჭარის ბუნებრივი გარემოსა და ლანდშაფტის უკეთ გაცნობის საშუალებას აძლევს.
პროექტი განხორციელდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.