შუახევში, სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა 2026" გაიმართა.
დღესასწაული ადგილობრივებსა და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ და შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ მიულოცეს.
დღის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სამუზეუმო ექსპონატებსა და ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ დეკორატიული კუთხეები, გაცნობოდნენ ტრადიციულ სამზარეულოსა და შუახევის ისტორიული და თანამედროვე ყოფის ამსახველ ფოტოგამოფენას.
დღესასწაულის ფარგლებში „საპატიო შუახეველების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპატიო წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ მოქალაქეებს მიენიჭათ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
კულტურული პროგრამა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის გუნდისა და ქორეოგრაფიული ჯგუფების, სალოტბარო სკოლის მოსწავლეების, ბენდი „117"-ისა და ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლ „გნოლის" მონაწილეობით გაგრძელდა. პარალელურად გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა და მკლავჭიდში.
სახალხო დღესასწაული ბენდი „ურსას" კონცერტითა და DJ ლუი ჯის მუსიკალური პროგრამით დასრულდა.
„შუახევობა 2026"-ის მთავარი გზავნილი ტრადიციების შენარჩუნება, ფოლკლორის პოპულარიზაცია და კულტურისა და ტურიზმის განვითარებაა.