შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, დაბა შუახევში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და მიზნად ისახავს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
დასრულდა სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ასევე გაფართოვდა საავტომობილო გზა. ფერდსამაგრი კედლები მოეწყო დაბის სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც საცხოვრებელი სახლებისა და საავტომობილო გზების მეწყრული პროცესებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს დაბაში მდებარე ლოჯისტიკური ცენტრის შენობაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალური სერვისების ცენტრი განთავსდება. განახლებული სივრცე მუნიციპალური სერვისების სფეროში დასაქმებული თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
დაბაში ასევე გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს შენობების გარე ფასადების, სადარბაზოების კიბეების, მოაჯირების, ფანჯრებისა და კედლების შეკეთება-შეღებვას, ასევე სახურავების სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები დასრულებულია რუსთაველის ქუჩა №34-სა და თამარ მეფის ქუჩა №14-ში. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის მესამე შესახვევში, ასევე თამარ მეფის ქუჩის №9-სა და №12-ში.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.