შუახევში, ,,მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებითი სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის" პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.
პრიორიტეტული მიმართულებებია: ტურიზმი. ტურისტული სერვისები, ტურიზმთან დაკავშირებული წარმოება, ნებისმიერი სახის მომსახურება, (ინოვაციური იდეები, რომელიც ხელს შეუწყობს შუახევის მუნიციპალიტეტში აგრო და ეკო ტურიზმის განვითარებას). სოციალური/საგანმანათლებლო საკითხები და სოფლის მეურნეობის მეორადი პროდუქტების წარმოება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წელს მიღწეულ მოქალაქეს, ფიზიკურ პირს - ქალს, ან ქალთა საინიციატივო ჯგუფს.
პროექტი გულისხმობს მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან 1 000-დან 7 000 ლარამდე იქნება დაფინანსებული.
პროექტი დაფინანსდება, გამარჯვებული პირის/ჯგუფის თანამონაწილეობით. ფინანსური თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს განმცხადებლის მოთხოვნის თანხის 15%-ს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტირებული კონკურსანტისთვის 10%-ს.
პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 40 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წელს შუახევის მერიასა და კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ფინანსურ თანამონაწილეობას ითვალისწინებს.
პროგრამის შესახებ ისაუბრეს: შუახევის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტმა გენდერული თანასწორობის საკითხებში თამილა ფუტკარაძემ და შუახევის მერიის ტურიზმის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მ/შ ამირან ხიმშიაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენელი ინგული დავითაძე და პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეეები.
ბიზნეს იდეის განაცხადი მიიღება ამა წლის 21 ივლისამდე.