საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა" გაიმართა.
ღონისძიება სოფელ ნიგაზეულიდან დაიწყო, სადაც შუახევის მერის მოადგილეებმა, მირიან აბაშიძემ, გურამ ზოიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივებთან ერთად სელიმ ხიმშიაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
სახალხო ზეიმის მონაწილეებმა შემდეგ ხულოში გადაინაცვლეს, სადაც ხულოს თვითმმართველობისა და მთავრობის წევრებთან ერთად შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, შემდეგ კი, ღონისძიება სერიყანაში გაგრძელდა, სადაც ყვავილებით შეამკეს სელიმ ხიმშიაშვილის თავკვეთის ადგილი.
სელიმობის დასკვნითი ნაწილი, საზეიმო კონცერტი, ბაკოს საჯარო სკოლის ეზოში მოეწყო. სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
„სელიმობა" ბაკიბაკოელთა ინიციატივით, 2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაფუძნდა. პირველი „სელიმობა" 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა.