შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაიწყო. შუახევის მერის მოადგილეებმა მირიან აბაშიძემ და გურამ ზოიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი დავითაძესთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ედუარდ გოგრაჭაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან თეა ჭანტურიშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხიჭაურისა და ახალდაბის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
საჯარო სკოლის 114 პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი, ხოლო საჯარო სკოლების მოსწავლეებს სასწავლო სახელმძღვანელოების სრული პაკეტი უფასოდ გადაეცათ. სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით. მიმდინარე წელსაც, ყველა მოსწავლე ისარგებლებს ტრანსპორტირების პროგრამით.
შუახევში სულ 1374 მოსწავლე, 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლაა.