შუახევში, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის, ტშებნიცას ოლქის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის - მალგოჟატა მატუშაკის ხელმძღვანელობით დელეგაცია იმყოფება.
დელეგაციას, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტსა და ტშებნიცას ოლქს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ და ტშებნიცას ოლქის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, მალგოჟატა მატუშაკმა.
დოკუმენტი, მხარეებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომელიც ხელს უწყობს პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში.
მემორანდუმის თანახმად ურთიერთთანამშრომლობა ძირითადად თვითმმართველობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოციალური პოლიტიკის, საზოგადოებრივი საქმიანობისა და ტურიზმის სფეროებს მოიცავს. მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია თანამშრომლობის არეალის გაფართოება.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, ტშებნიცას ოლქისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, შუახევის მერმა, დელეგაციის წევრებმა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი და გმირების პატივსაცემად სიმბოლურად დარგეს ხეები. ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლაში, სტუმრებისათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.