აჭარის რეგიონში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. COVID-19ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვის არეალი რეგიონში ყოველდღიურად მზარდია, შესაბამისად, გაზრდილია ვაქცინაციის მსურველთა სტატისტიკაც. ამ დროისთვის აჭარაში 157 889 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.
აქტიურად გრძელდება მუნიციპალიტეტებში პედაგოგების ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში პედაგოგებისა და სკოლებში დასაქმებული პირების ამ ეტაპზე 50 % მეტი ორჯერადად აცრილია. შუახევის ,,ევექსის კლინიკაში“ პედაგოგების ვაქცინაციის პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე დაესწრნენ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს აქტიურობისათვის და აღნიშნა რომ ,,ვაქცინაციით საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, ჩვენ ვზრუნავთ მოსწავლეებისთვის სასკოლო გარემოში განათლების მიცემის შესაძლებლობის შექმნაზე“.
გრძელდება მაღალმთიან სოფლებში გამსვლელი ბრიგადებით იმუნიზაციაც. ამ დროისთვის, გამსველელი ბრიგადების მიერ 14 ლოკაციაზე 460-ზე მეტი დოზა ვაქცინა იქნა ადმინისტრირებული.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძესთან ერთად, იმუნიზაციის პროცესს გაეცნო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურში, სადაც ძირითადად ხანდაზმულები აიცრნენ. გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანი სწორედ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ამ დროისთვის აჭარაში მოზრდილი მოსახლეობის 37.3 % ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო ორი დოზით - 20.9 %.