დედაენის დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.
თარიღთან მიძღვნილი ღონისძიება, ხიჭაურის საჯარო სკოლაში გაიმართა.
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, შეხვედრის მონაწილეებს დედაენის დღე მიულოცა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები.
ასევე, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შუახევის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც სახელოვნებო, სალოტბარი და მოსწავლე ახალგაზრდობის განყოფილებების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს მოხსენება თემაზე: ,,ფარნავაზიდან იაკობამდე" და აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს ქართული ენის მდიდარი წარსული და მისი მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობის საქმეში.
ღონისძიებას, ომარ ტაკიძესთან ერთად, მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის, რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.