აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, შუახევის მერთან ომარ ტაკიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალთან და თემის რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის ექიმებსა და ევექსის ჰოსპიტლები - შუახევის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს, სამინისტროს პროგრამული სიახლეები, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.
,,სამინისტრო პერმანენტულად მართავს შეხვედრებს სამედიცინო პერსონალთან, ვინაიდან სწორედ მოსახლეობის, სამედიცინო საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით იგეგმება ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით. დღეს შეხვედრა გავმართე შუახევის მუნიციპალიტეტში და ადგილზე გავეცანი ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებებს, მათ ხედვებსა და საჭიროებებს" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მიმდინარე წელსვე დაგეგმილ სიახლეებზე და აღნიშნა, რომ გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებს დაემატება საკორექციო ორთოპედიული ნაწარმი. დაგეგმილია გადაუდებელი ქირურგიული მომსახურების თანაგადახდის დაფინანსებაც.
შეხვედრის შემდგომ, მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევექსის ჰოსპიტლები -შუახევის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე უფასო სამედიცინო აქციას გაეცნო, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.