შუახევში, საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
უახლოეს დღეებში ყველა მთა უზრუნველყოფილი იქნება ასევე ელექტრომომარაგებით.
თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს, ღომას და გომის მთების მიმართულებით შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან მირიან აბაშიძესთან, გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე, გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია ღომას და ჩირუხის მთების მიმართულებით. სამუშაოებს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ომარ ტაკიძის განცხადებით, საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზები ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა მთაში მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება და გადაადგილება ნებისმიერი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.
ამოქმედდება, ასევე საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა, რითაც ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც ისარგებლებენ.