შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იწმინდება დამეწყრილი გზები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები. გაწმენდილია 10-ზე მეტი მიმართულებით გზა, რომელშიც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების ბალანსზე არსებული ტექნიკაა ჩართული. ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება.
უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 30-მდე ოჯახი. აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ, მიმდინარეობს მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ტერიტორიების შესწავლა.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, გზების დეპარტამენტისა და გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები. მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 85 20 80